თუშეთი

აღწერა

თუშეთი საქართველოს ერთ-ერთი მაღალმთიანი რეგიონია ახმეტის მუნიციპალიტეტში. ტერიტორია დაყოფილია ხეობად - პირიქითა, გომეწარი, ჩაღმა და წოვა. თუშები მომთაბარე ხალხია, ზაფხულში ისინი მაღალმთიანეთში ცხოვრობენ, ხოლო ზამთრის თვეებშიკი დაბლობში, კერძოდ ქვემო და ზემო ალვანის სოფლებში ბინადრობენ. თუშეთისკენ მიმავალი გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, რომელიც ზიგზაგისებური და ვიწროა. შესაბამისად, იგი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურ და საშიშად გზად ითვლება. უღელტეხილზე მგზავრობისას ულამაზესი ხედებით დატკბები. აქ ხშირია ამინდის ცვლილება - თუ ერთი მომენტი მზე ანათებს, მეორე წუთს შესაძლოა ნისლი ჩამოწვეს ან სეტყვა დაიწყოს. იმის გამო, რომ რეგიონი ადვილად ხელმისაწვდომი არაა, აქ ბუნება ველური და ხელუხლებელია. გიჩნდება შეგრძნება თითქოს აქ დრო ათწლეულების წინ გაჩერდა, რადგან თუშები ისევ მკაცრად იცავენ საკუთარ კულტურასა და ტრადიციებს. აქაურობისთვის დამახასიათებელია ტიპური არქიტექტურა, სადაც სახლების უმეტესობა თიხოვანი ფიქალის ქვითაა ნაშენი. თუშეთში უნიკალურ კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს შეხვდები. ულამაზესი ლანდშაფტი, შუა საუკუნეების დროინდელი, ციცაბო ფერდობზე ნაშენი თავდაცვითი კოშკები და ზღვის დონიდან 1,900-2,400 მეტრზე გაშენებული სოფლები არავის ტოვებს გულგრილს. სოფელი ომალო რეგიონის ცენტრია, ხოლო მთელი ტერიტორია თუშეთის ეროვნული პარკის ნაწილი. ღირსშესანიშნავი ადგილებია: კესელოს ციხე-კოშკები, დართლოს, შენაქოს, დიკლოს, გირევის და ბოჭორნას (ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 2,345 მეტრის სიმაღლეზეა) სოფლები. დართლო, პირიქითა ქედის სამხრეთით, თუშეთის რეგიონში, ზღვის დონიდან 2,000 მეტრზე მდებარეობს. აქ კარგადაა შემორჩენილი, ტიპური თუშური არქიტექტურა, როგორც საცხოვრებელი, ისე თავდაცვითი კოშკები. იგი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დასახლებაა თავისი არქიტექტურული ანსამბლითა და ბუნების ლანდშაფტით.

about image